ირაკლი კობახიძე - ევროინტეგრაციის კუთხით ყველა ხელშესახები მიღწევა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება, 19 აპრილის შეთანხმებას კი, არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან
ირაკლი კობახიძე - ევროინტეგრაციის კუთხით ყველა ხელშესახები მიღწევა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება, 19 აპრილის შეთანხმებას კი, არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან

რაც კი ხელშესახები მიღწევა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია. სამივე უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, – ამის შესახებ საპარლემენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე შევასრულეთ 45 პროცენტი იმ ვალდებულებების, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით, რაც უპრეცედენტო შედეგია და არის უკეთესი, ვიდრე აქვთ უკრაინასა და მოლდოვას. ესეც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ბოლო პერიოდის, მათ შორის ბოლო ერთი თვის განმავლობაში კეთდებოდა ყველაფერი, რომ გვქონოდა დიალოგი ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რათა ჩვენი განაცხადი იყოს წარმატებული ეს არის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ მივიღოთ წარმატება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებას არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.

„ეს იყო პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც გაფორმდა პოლიტიკურ პარტიებს შორის და არა ევროკავშირთან,  იქვე იყო ასახული კონკრეტული პოლიტიკური კომპრომისები და იცით, რომ „ნაცმოძრაობამ“ ასი დღის განმვალობაში ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს, რის შემდეგაც მოხდა მისი ანულირება. ამ დოკუმენტის ანულირება ფაქტობრივად მოახდინა „ნაცმოძრაობამ“. 19 აპრილის შეთანხმება არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, ეს არის შეთანხმება არა ევროკავშირთან, არამედ ოპოზიციასთან. ოპოზიცია თავის დროზე უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ შეთანხმებას, შესაბამისად, არავითარი კავშირი კანდიდატის სტატუსთან ბუნებრივია, არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.