ირაკლი კობახიძე - ყოველთვის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან
ყოველთვის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ბანერთან დაკავშირებით, რომელიც, პარტიის ინფორმაციით, იარაღიდან გასროლის შედეგად დააზიანეს.
„მე რაღაც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განაცხადონ. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას ექნება შედეგი. მგონია, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება და მე ეს მგონია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც უკვე მაქვს, თუმცა, დაველოდოთ. მოვიკითხეთ სათანადო წესით, როგორც არის ეს საჭირო, როგორც შეუძლია მაგალითად, პარლამენტის წევრს, მოიკითხოს გარკვეული საკითხები. ასე გვაქვს მოკითხული და იმედი გვაქვს, რომ წარმატება იქნება.
ყოველთვის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან და ა.შ.“ – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, შეკითხვაზე, მისი აზრით, თავად ესროლეს თუ არა ბანერს, კობახიძემ აღნიშნა: „რატომაც არა, სხვა ლოგიკა სად არის. რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში ის, რომ ოპონენტმა ესროლოს „ნაცმოძრაობის პარტიას“. იმისთვის გააკეთეს, რომ დღეს კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობის“ პლაკატი „დაჭრეს“ და „ნაცმოძრაობას“ ერჩის „ქართული ოცნება“. ნუ, სისულელეა“, – განაცხადა კობახიძემ.