ირაკლი კობახიძე – წლიდან წლამდე ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა, საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია მოგვცემს საშუალებას, ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე
წლიდან წლამდე საგზაო ინფრასტრუქტურა ვითარდება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგია კონკრეტულ შედეგებს დადებს მოქალაქეებისთვის.
„ზოგადად, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენთვის. აქ სტატისტიკის კუთხით არის არცთუ სახარბიელო მაჩვენებლები, მათ შორის, გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აქაც ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ვითარდება წლიდან წლამდე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე. ამას სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა და ამისათვის შეიქმნა საშუალოვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სტრატეგია გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.