ირაკლი კობახიძე - წლების განმავლობაში ხოშტარიას პროვოკაციები ხელს აძლევდა რუსულ ინტერესებს, როდესაც ფინანსურ ინფორმაციას მალავს, აღრმავებს ეჭვებს, რომ კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის დაგეგმილ პროვოკაციებს შორის
ირაკლი კობახიძე - წლების განმავლობაში ხოშტარიას პროვოკაციები ხელს აძლევდა რუსულ ინტერესებს, როდესაც ფინანსურ ინფორმაციას მალავს, აღრმავებს ეჭვებს, რომ კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის დაგეგმილ პროვოკაციებს შორის

ტყუილს ტყუილს ამატებს. ის რომ გამჭვირვალეა, არის აბსოლუტური ტყუილი. რა თქმა უნდა, ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის. ეს არის კერძო ინფორმაცია, რომელიც ხოშტარიამ უნდა გაასაჯაროოს, – ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.

კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც ხოშტარია ამბობს, რომ მის მიმართ ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარი იწყება და ყველა ტელევიზიას თუ არასამთავრობოს მიმართავს, შეამოწმონ თავისი ოჯახის ანგარიშები.

კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში ხოშტარია ახორციელებდა ისეთ პროვოკაციებს, რომლებიც ხელს აძლევდა რუსულ ინტერესებს საქართველოში, ახლა კი „როდესაც ფინანსურ ინფორმაციას მალავს, აღრმავებს ეჭვებს, რომ კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის დაგეგმილ პროვოკაციებს შორის“.

„ამდენი ხნის განმავლობაში მალავს – რომ მალავს ეს ნიშნავს, რომ ახლა აქვს ბევრი რამ დასამალი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საინტერესოა, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა, ასე ვთქვათ, თავად თანხის მიზნობრიობასა და თანხის მოცულობას შორის. ეს უნდა დაასაბუთოს. გარდა ამისა, რატომ არის სხვადასხვა წყაროდან მაგალითად, ფედერალური ბიუჯეტიდან და ასე შემდეგ ისეთი წყაროებიდან რატომ არის შემოსული თანხები, რაც გარკვეულ ნომენკლატურას, საეჭვო უსაფრთხოების ნომენკლატურას უკავშირდება. ეს ყველაფერი მას აქვს დასასაბუთებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთელი ამ წლების განმავლობაში ხოშტარია ახორციელებდა სწორედ ისეთ პროვოკაციებს, რომლებიც აძლევდა ხელს რუსულ ინტერესებს საქართველოში. აქ ძალიან მარტივი ლოგიკური კავშირია. როდესაც ის მალავს დამატებით ფინანსურ ინფორმაციას, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, პირდაპირი კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს რაც ბრიფინგზე ხოშტარიამ სანქციების სიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდებით მუშაობა.

„რასაც ხოშტარია და ზოგადად „ნაცმოძრაობა“ აკეთებს, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მეთოდები, ხდება შავი სიების წარმოდგენა. ესენი რომ იყვნენ ასი წლის წინანდელ პერიოდში, ამ ადამიანებს პირდაპირ დახვრეტდნენ, რომ ჰქონდეთ ძალაუფლება. ეს არის ხოშტარია, ეს არის „ნაცმოძრაობა“. პირდაპირ ამას გააკეთებდნენ, ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდები და რუსული ფინანსებიც ამასთან არის მგონი, კავშირში. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური ბოლშევიკური მეთოდები, ესენი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები. ხოშტარიამ რაც გააკეთა დღეს ბრიფინგზე და რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე, ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდებით მუშაობა. ესენი არიან ასი წლის თავზე გაცოცხლებული რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები“, – აღნიშნა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი