ირაკლი კობახიძე – წლების განმავლობაში ეკლესიის წინააღმდეგ უცხოეთიდან დაფინანსებული ფართო კამპანია იყო გაშლილი, ბოლომდე დავდგებით ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე
ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში იყო ფართო კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ და ხელისუფლებას ძალიან დიდ ძალისხმევად დაუჯდა მისი შეჩერება.
„გახსოვთ, ძალიან ფართო კამპანია იყო გაშლილი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში. ესეც იყო უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია. ამაში იყვნენ ჩართული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, კონკრეტული „ენჯეოები“, კონკრეტული მედიასაშუალებები, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა ამ კამპანიის შეჩერება. ბოლოს იძულებულები გახდნენ, ლუსტრაციის გამო შეეჩერებინათ გარკვეულ ეტაპზე ეს კამპანია, თუმცა ახლა ხედავთ, თითქოს ხედავენ საკუთარ შანსს ამ კამპანიის განახლებისთვის. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე“, – აღნიშნა პრემიერმა.