ირაკლი კობახიძე - წინასაარჩევნო პერიოდში სანქციების ერთადერთი მიზანი შესაძლოა იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო
წინასაარჩევნო პერიოდში სანქციების დაწესების ერთადერთი მიზანი შეიძლება არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყოს. თუმცა, ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და მკვეთრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
ამასთან, როგორც კობახიძემ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა.
„ჩვენ ხელი გავუწოდეთ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული ოთხი წლის მანძილზე. თქვენ იცით ამაში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული „წვლილი“. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა. თუმცა, ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და მკვეთრი. ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ასეთი რეჟიმის თავის დროზე ხელისუფლებაში მოყვანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ხოლო სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები გამოაცხადა ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის მიმართ.