ირაკლი კობახიძე - წინა ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიციას არცერთი პრობლემის მოგვარებაში არ მიუღია მონაწილეობა, მათ აინტერესებთ და მათი ერთადერთი დავალებაა დესტრუქცია, პოლარიზაცია, რადიკალიზმი
ირაკლი კობახიძე - წინა ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიციას არცერთი პრობლემის მოგვარებაში არ მიუღია მონაწილეობა, მათ აინტერესებთ და მათი ერთადერთი დავალებაა დესტრუქცია, პოლარიზაცია, რადიკალიზმი

წინა ოთხი წლის განმავლობაშიც, რეალურად, ჩვენ თვითოპონირების რეჟიმში ვიყავით. თუ რამე პრობლემა ვლინდებოდა ხოლმე ჩვენს გუნდში, ისევ ჩვენს გუნდს უწევდა ხოლმე ამაზე რეაგირება, ამ პრობლემების მოგვარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, წინა ოთხი წლის განმავლობაშიც არცერთი პრობლემის მოგვარებაში არ მიუღია მონაწილეობა ოპოზიციას.

„ბოლომდე როდესაც ხარ მომართული დესტრუქციისკენ, იქ საერთოდ არ გაწყობს შენ ჯანსაღი ოპონირება, შესაბამისად, ვერავითარი წვლილი ვერ შეგაქვს სისტემის გაჯანსაღებაში. რა თქმა უნდა, დღესაც არის სისტემაში არაერთი პრობლემა. არ არსებობს სახელმწიფო პრობლემების გარეშე, სადღაც, შეიძლება, უფრო ეფექტურად იმართებოდეს პროცესები, სადღაც, შეიძლება, იყოს კორუფციის პრობლემები და ა.შ. არის უზარმაზარი სისტემა და ამას სჭირდება მუდმივი კონტროლი, მუდმივი მართვა. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ოპოზიცია რომ არსებობდეს, ეს ჩვენთვის იქნებოდა სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტი მართვის გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში როგორც ოპოზიციას, ისე „ენჯეოებს“ და სხვა შესაბამის სუბიექტებს აქვთ ზუსტად ნულოვანი წვლილი შეტანილი სისტემის გაჯანსაღებაში. სადმე კორუფციის პრობლემას თუ ვხედავდით, სადმე მართვის ეფექტიანობის პრობლემას თუ ვხედავდით, ყველგან ამ პრობლემების გამოსწორება გვიწევდა საკუთარი ხელით და არა ოპოზიციის დახმარებით და მხარდაჭერით, არც „ენჯეოების“ მხარდაჭერით და დახმარებით, რადგან ისინი არიან მთლიანად მომართული დესტრუქციისკენ. ეს არის მათი სულისკვეთება. რატომ? იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ მთლიანად დავალებებით. მათ რომ ჰქონდეთ ელემენტარული პატრიოტიზმი, მოვიდოდნენ და მართლა ჯანსაღად გეტყოდნენ რაღაცას, რომ ეს არის გამოსასწორებელი და იქნებ ამაზე იმუშაოთ, მაგრამ არა, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის დესტრუქცია, პოლარიზაცია, რადიკალიზმი, იმიტომ, რომ ეს არის მათი  ერთადერთი დავალება. ერთადერთი, რაც მათ აქვთ დავალებული, არის სწორედ დესტრუქცია, რადიკალიზმი და არავითარ შემთხვევაში ქვეყანაში კონსტრუქციული პროცესებისთვის ხელის შეწყობა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.