ირაკლი კობახიძე – წარმოადგინონ მტკიცებულებები და ყველაზე გავრცელდება სანქციები, ადამიანების დასჯა სასამართლოს განაჩენის გარეშე, ბიზნესის რეკეტი წარსულს ჩაბარდა

13:21, 20.09.2023

წარმოადგინონ მტკიცებულებები და ყველაზე გავრცელდება სანქციები. ადამიანების დასჯა სასამართლოს განაჩენის გარეშე, ბიზნესის რეკეტი წარსულს ჩაბარდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეს დანაშაული როცა დაუმტკიცდება, მაშინ ამოქმედდება მის მიმართ სანქციები.

„სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. რაც შეეხება ოპოზიციას, რატომ საუბრობენ ისინი ამ ყველაფერზე, რადგან მათთვის არც სახელმწიფო და არც საქართველოს მოქალაქე არ არსებობს, ისინი არიან უცხოელი აგენტები და მათთვის არსებობს მხოლოდ დავალებები. ამ ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას, უდანაშაულობის პრეზუმფციას და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უნდა მოქმედებდეს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ადამიანის უფლებების შესაბამისად.

წინა ხელისუფლებას რაც შეეხება, გახსოვთ მათი დამოკიდებულება როგორც საკუთრების უფლების, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ. ერთ-ერთი მთავარი, რაც ბიზნესის რეკეტის სახით ირღვეოდა, სწორედ საკუთრების უფლება იყო. გახსოვთ მათი დამოკიდებულება უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ, უდანაშაულო ადამიანებით გადავსებული ჰქონდათ ციხეები, 25 000 ადამიანი უდანაშაულო ადამიანი ეჯდათ ციხეში. მათ უნდათ, იგივე სტანდარტი იყოს დღეს. ჩვენ ეს სტანდარტები 2012 წლის შემდეგ შევცვალეთ, განუხრელად ვიცავთ როგორც საკუთრების უფლებას, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციას. ადამიანების დასჯა სასამართლოს განაჩენის გარეშე, ბიზნესის რეკეტი წარსულს ჩაბარდა. ეს არის ერთადერთი პრინციპი. საუბარი არაა ფარცხალაძეზე, საუბარია იმაზე, რომ ქვეყანამ კონსტიტუციით, ადამიანის უფლებებით უნდა იცხოვროს და ამით განვსხვავდებით ოპოზიციისგან.

რაც შეეხება „ფეესბეს“ აგენტების შესახებ ბრალდებას, სანერვიულო არავის არაფერი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ გამოძიება დაწყებულია. საჭირო იქნება ყველა ინფორმაციის გამოთხოვა ამ აგენტობასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის ბრძანებაში პირდაპირ წერია, რომ თუ ძალაში არის შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ამ შემთხვევაში შესაბამის პირზე ვრცელდება ეს სანქციები. რა ანერვიულებთ, დაელოდონ მტკიცებულებებს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა. რა დამოკიდებულებაა, საზოგადოებას ეუბნები, რომ ვიღაც აგენტია, შენზე ახდენს გავლენას და მტკიცებულებებს არ აჩვენებ. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. გვახსოვს 2012 წლამდე ბიზნესის რეკეტი იყო და განაჩენის გარეშე ისხდნენ ციხეში ადამიანები, ჩვენ ამ პრინციპების შესაბამისად ვერ ვიმოქმედებთ. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება, თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს. წარმოადგინონ მტკიცებულებები და ყველაზე გავრცელდება სანქციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

ამასთან, დღეს საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, რომელმაც განაცხადა, რომ სანქციების აღსრულების წესში ცვლილება მიმართული არ არის კონკრეტული სახელების, გვარების დაცვისკენ, არამედ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავს.

მსგავსი