ირაკლი კობახიძე - ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები
ირაკლი კობახიძე - ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს.

ირაკლი კობახიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაციონალური და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით არ დაუშვებს ომის განახლების შესაძლებლობას, რომლის მიზანიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შემცირებაა.

„ჩვენ არ დავუშვებთ ომის განახლების შესაძლებლობას, მშვიდობას არა აქვს ალტერნატივა, ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, წარმატებით ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას. არასოდეს დაგვავიწყდება აგვისტოს ომი. ამ ომს ასობით უდანაშაულო საქართველოს მოქალაქე შეეწირა. ჩვენ სრულად დავკარგეთ კონტროლი საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია. ამ ომის შედეგებს დღემდე ვიმკით, გრძელდება ბორდერიზაცია, უკანონო გატაცებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე, გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა. არასოდეს დავივიწყებთ იმ გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, უთანასწორო ბრძოლაში აჩერებდნენ რუსულ სამხედრო მანქანას. ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“, – წერს ირაკლი კობახიძე.