ირაკლი კობახიძე – ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე, მარკო რუბიოსთან
ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა გაერო-ში ვიზიტის ფარგლებში როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრებისას, ასევე მარკო რუბიოსთან.
„აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებში მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს. დღესაც მშვიდად ვუყურებთ პროცესებს, მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. დანარჩენი არის დამოკიდებული აშშ-ის ადმინისტრაციაზე.
სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე ბატონ რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროს. მთავარი საკითხი, რაც ვახსენე, სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ზოგადი პასუხი შემიძლია გითხრათ, დეტალებს ვერ მოვყვები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო ღია კომუნიკაცია. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.