ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისია დაემატა ჩამონათვალს, რომლებმაც მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სამართლებრივი შენიშვნები ვერ წარმოადგინეს, კანონს არანაირი ხარვეზი არ აქვს
ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისია დაემატა ჩამონათვალს, რომლებმაც მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სამართლებრივი შენიშვნები ვერ წარმოადგინეს, კანონს არანაირი ხარვეზი არ აქვს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისია დაემატა იმ ჩამონათვალს, რომლებმაც მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ სამართლებრივი შენიშვნები ვერ წარმოადგინეს.

მისივე თქმით, კანონი ყველანაირი თვალსაზრისით გამართულია და არანაირი სამართლებრივი ხარვეზი არ აქვს.

როგორც კობახიძე ამბობს, კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივ შენიშვნას როდესაც ვერავინ იძლევა, პარლამენტმა საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

„ჩვენ ყველას ვთხოვეთ, წარმოედგინათ სამართლებრივი შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით. ვთხოვეთ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს და მეოთხე ვინც ამ პროცესში ჩაერთო, არის ვენეციის კომისია. ვენეციის კომისია დაემატა იმ ჩამონათვალს, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს სამართლებრივი შენიშვნები. ამას აქვს მარტივი მიზეზი, კანონი მიღებულია, გამართულია ყველანაირი თვალსაზრისით და თუ გაეცნობით ვენეციის კომისიის დასკვნას, ნახავთ, რომ იქ შენიშვნა წარმოდგენილი არ არის. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ამ კანონს არანაირი სამართლებრივი ხარვეზი არ აქვს. როდესაც ვერავინ გაძლევს სამართლებრივ შენიშვნას, იძულებული ხარ, მიიღო შენი გადაწყვეტილება შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით. პარლამენტმა უნდა იმოქმედოს საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება 26 აგვისტოს გამოაქვეყნა.