ირაკლი კობახიძე – ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას ურთიერთობების გადატვირთვაზე, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, უილსონის ინიციატივები საინტერესო არ არის

14:49, 23.07.2026

ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო – გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან. ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის აქტში ჯო უილსონის ინიციატივით შევიდა, რაც, კობახიძის შეფასებით, არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია.

„აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ასეთი ჩანაწერი. თქვენ იცით, რომ ინიციატივა ეკუთვნის ჯო უილსონს და ამ ერთი კაცის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონგრესის აქტში. შესაბამისად, ჩვენთვის არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული. თან გუშინ ირანიც იყო წარმოდგენილი საქართველოში ძალიან ღრმად და დღეს ეს წარმომადგენლობა ირანის მხრიდან საერთოდ დაიკარგა – ეს მცირე ირონიული გადახვევა. აბსოლუტურად არ არის საინტერესო ჯო უილსონის ინიციატივები, მისი ინიციატივებით შესული შესწორებები. ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო – ჩვენ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან და ამასთან დაკავშირებით ველოდებით ამერიკის ოფიციალურ პოზიციას. დანარჩენი დეტალები, ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის საინტერესო არ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი