ირაკლი კობახიძე - ვანო ჩხიკვაძე არის უცხოელი აგენტი, სერგო ორჯონიკიძის სახე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციას
ირაკლი კობახიძე - ვანო ჩხიკვაძე არის უცხოელი აგენტი, სერგო ორჯონიკიძის სახე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციას

ომის დაწყებიდან ძალიან მალევე ბაკურიანში იმართება შეკრება, სადაც მსჯელობენ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მას შემდეგ, რაც საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი და გეგმა იყო ვითარების არევა, ხელისუფლების გადატრიალება, საბოლოო მიზანი ამ შემთხვევაშიც იყო მეორე ფრონტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ შეკრებაში მონაწილეობდნენ პარტიების, მათი მედიასაშუალებების, რადიკალური ოპოზიციისა და მათივე ენჯეოების წარმომადგენლები.

„ყველა მათგანი იყო უცხოური გავლენის აგენტი, ესეც მნიშვნელოვანი მინიშნებაა. კანონზე არ მაქვს პირდაპირი გაგებით საუბარი. იმ კანონის მიხედვით, პარტიები ვერ იქნებოდნენ მოხსენიებული უცხოური გავლენის აგენტებად, თუმცა ყველა მათგანი, ვინც იყო შეკრებილი ბაკურიანში, სინამდვილეში იყო უცხოელი აგენტი. არა იმ კანონის გაგებით, არამედ იმ გაგებით, როგორი გაგებითაც მე ამას ახლა ვამბობ. რატომ უნდოდათ ამ აგენტებს, ამ ჯაშუშებს ხელისუფლების აყირავება ომის დაწყებიდან ერთ თვეში და რატომ უნდოდათ მეორე ფრონტი, ამაზეც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იმსჯელოს, ვისი კარნახით მოქმედებდნენ ისინი. ისინი არ მოქმედებდნენ ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების კარნახით.

ამის შემდეგ, თქვენ გახსოვთ, რომ მოხდა ის, რაც ჰქონდათ გათვლილი ბაკურიანის შეკრების მონაწილეებს და საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს უსამართლობა შემდეგ დამტკიცდა უკვე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით, სადაც პირდაპირ ქულები დაიდო და გაირკვა, რომ საქართველო წინ უსწრებს, მაგალითად, მოლდოვას, საქართველო წინ უსწრებს ბოსნიას, რომელსაც მოგვიანებით მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. უკრაინაზე არაფერს ვამბობთ, უკრაინასთან შედარებაც არ ღირს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა“, – განაცხადა  კობახიძემ.

მისივე თქმით, პრაქტიკულად დადასტურდა, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.

„ამ ადამიანებმა სცადეს ბაკურიანის გეგმის განხორციელება და ისინი შეიკრიბნენ ისევ პარლამენტის წინ, რათა აეყირავებინათ ხელისუფლება და შეგახსენებთ, რომ იქ, სცენაზე იდგნენ ენჯეოების წარმომადგენლები. რა ესაქმება ენჯეოების წარმომადგებელს სცენაზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით? ის ესაქმება, რომ სინამდვილეში ისინი არიან არა ენჯეოები, ისინი სინამდვილეში საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი საუბრობდნენ სხვა რამის სახელით და სხვა ინტერესების კარნახით, რაც ძალიან მძიმეა.

აქ ნახსენები იყო ვანო ჩხიკვაძე, ერთ-ერთი „ენჯეოშნიკი“, უცხოელი აგენტი დადებით კონტექსტში, რომ თითქოს ევროინტეგრაცია მას მოუტანია საქართველოში. თუ არ ვცდები, უსუფაშვილმა ახსენა. ვანო ჩხიკვაძე არის ის კაცი, რომელმაც დაწერა დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. აი, ეს არის სერგო ორჯონიკიძე, თქვენი ვანო ჩხიკვაძე, რომელსაც დღეს დააბრალეთ ევროინტეგრაციის გულშემატკივრობა. ვანო ჩხიკვაძემ პირდაპირ დაწერა ივნისის გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. ეს არის თქვენი სახე, ეს არის უცხოელი აგენტის სახე. ვანო ჩხიკვაძე არის უცხოელი აგენტი, სერგო ორჯონიკიძის სახე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციას.

რაც შეეხება შემდეგ საკითხს, დღესაც წარმოებს აგიტაცია, როგორც ადრე იყო ვანო ჩხიკვაძე ჩართული ამ აგიტაციაში, დღესაც წარმოებს პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამას არც მალავენ. პირდაპირ ჩასული იყვნენ თქვენი პარტიის წარმომადგენლები, სხვა პარტიების წარმომადგენლები და პირდაპირ აწარმოებდნენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ესეც არის, რა თქმა უნდა, ჯაშუშური საქმიანობის გაგრძელება და იმის გაგრძელება, რომ თქვენ მოქმედებთ არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ უცხო ინტერესებით, რომლებიც არის პირდაპირ დაპირისპირებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან“, – განაცხადა კობახიძემ.