ირაკლი კობახიძე - ვალდებული ვარ, კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებაზე რეაგირება მოვახდინო, ამას თანაბრად გავაკეთებ, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიმართ
ირაკლი კობახიძე - ვალდებული ვარ, კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებაზე რეაგირება მოვახდინო, ამას თანაბრად გავაკეთებ, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიმართ

ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ დანაშაულში,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, რომან გოცირიძის მიერ კოლეგის კორუფციაში დადანაშაულება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და მისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.

„თქვენ უკვე მეორედ დაადანაშაულეთ ჩვენი კოლეგა კორუფციაში, რაც არის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კოლეგისადმი. ვალდებული ვარ, დავიცვა დეპუტატების, პარლამენტის წევრების ინტერესები. ნუ დაარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ასეთ განცხადებებს“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატს.

მისივე თქმით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სხვადასხვა მხარემ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც ერთ მათგანზე რეაგირება არ მოუხდენია. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, თუნდაც, იყოს მინიშნებები მაგალითად ცხრაწლიან მმართველობაზე, პირსისხლიან რეჟიმზე და ასე შემდეგ, ეს არის პოლიტიკური განცხადებები. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ დღეს, საუბარი იყო კონკრეტულ კორუფციულ დანაშაულზე, რომელზეც ყურადღება გაამახვილა თავისი პოზიციიდან კონკრეტულმა პარტიამ და ფრაქციამ. არის დიდი განსხვავება ამ ორ რამეს შორის. ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ დანაშაულში. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა მხრიდან და არც ერთზე რეაგირება არ მქონია. რაც შეეხება განცხადებას იმაზე, რომ ვიღაც არის მოღალატე ან სუკ-ის აგენტი, ეს არის პოლიტიკური განცხადება. რაც შეეხება განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული ადამიანი იმიტომ ლობირებს კონკრეტულ კანონპროექტს, რომ ამაში არის მისი ოჯახის ინტერესები, ეს არის კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ დანაშაულში. მე ვარ ვალდებული, მოვახდინო რეაგირება და ამას თანაბრად გავაკეთებ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მარიამ ჯაში ლობირებს კანონპროექტს, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი.