ირაკლი კობახიძე - ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, კონკრეტული ფორმაც თუ ექნება ამ მხარდაჭერას, უფრო მეტად მისასალმებელია
ირაკლი კობახიძე - ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, კონკრეტული ფორმაც თუ ექნება ამ მხარდაჭერას, უფრო მეტად მისასალმებელია

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და კონკრეტული ფორმაც თუ ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად  მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ეხებოდა.

„არ დავალ პიროვნებებამდე, ვსაუბრობ ევროკავშირთან დაკავშირებით. ევროკავშირი როდესაც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სადაც არის გასაკრიტიკებელი კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, იქ ვაკრიტიკებთ და სადაც პირიქით, მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ, ვამბობთ მადლობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. არის სხვა შემთხვევები, სადაც ისინი ძალიან მძიმე და არასწორ დამოკიდებულებას ავლენენ ქართველი ხალხის მიმართ და, რა თქმა უნდა, იქაც არ ვერიდებით კრიტიკას. სადაც იმსახურებენ მადლიერებას, იქ ვიტყვით მადლობას, სადაც იმსახურებენ კრიტიკას, იქ გამოვთქვამთ კრიტიკას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ „გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შორის საქართველოდან“.