ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს.
შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული მთავარი სკითხი, რომელსაც აყენებს პარტია „ევროპული საქართველო“.
„ქართული ოცნებისა“ და ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გარდა, ყველასთვის მიუღებელია უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს არსებული უმრავლესობის მიერ, ვინაიდან დღეს ამ ჯგუფს აქვს სრული მონოპოლია პროცესზე, პარლამენტში მოდის მხოლოდ მათ მიერ გაფილტრული სია. თქვენ გახსოვთ, როგორ წარმოადგინეს მათ 10-კაციანი სია, ახლაც ზუსტად იგივე მექანიზმია ჩარჩენილი, რომ არ გვქონდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პერსპექტივაც კი. ამიტომ, „ევროპული საქართველო“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება საკითხის ამგვარად დასმას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პროცესი წარიმართება ისე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად დააკვირდეს, თუ რომელი კანდიდატი როგორ გაივლის გასაუბრებას.
„ამის შემდგომ უნდა მიიღოს საბჭომ გადაწყვეტილება, სადაც ჩართული იქნებიან, როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრები. შემდგომ პროცესი გადმოვა საქართველოს პარლამენტში და იურიდიული კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს ღია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსია არ აქვს ნანახი.
„როდესაც ვთხოვე პარლამენტის შესაბამის წარმომადგენელს, რომ გამოეგზავნათ პროექტი, სამწუხაროდ, არ მომაწოდეს და შესაბამისად, არ ვიცი, საბოლოო ვერსია როგორ ჩამოყალიბდა. ჩვენი შენიშვნა სწორედ ამ პროცედურულ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. თუკი პარლამენტის თავმჯდომარეს სურს, რომ ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, მაშინ ეს არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის და არ უნდა იყოს სპონტანური“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.