ირაკლი კობახიძე - უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორი მეთოდებით მართავდა ქვეყანას
ირაკლი კობახიძე - უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორი მეთოდებით მართავდა ქვეყანას

ჩვენ უნდა შევახსენოთ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებს, თუ როგორი აღარ უნდა იყოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, რატომ დაუთმო გამოსვლის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამას მარტივი ახსნა აქვს.

„ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იყო დამყარებული ძალადობასა და სიცრუეზე, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ეს არის მიღებული პრაქტიკა. მაგალითად, 1945 წლის შემდეგ გავიდა ათწლეულები, მაგრამ დღესაც კი ახსენებენ გერმანულ საზოგადოებას იმას, თუ რა მძიმე რამ იყო ფაშიზმი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ ისინი ფორმებით არაფრით განსხვავდებოდნენ მათგან. მათი საქმიანობის ფორმებიც ძალადობა და სიცრუე იყო. ჩვენ უნდა შევახსენოთ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებს, თუ როგორი აღარ უნდა იყოს ხელისუფლება. აქვე შეგახსენებთ, რომ განსხვავებით ჰიტლერისგან, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღემდე რჩებიან ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა მიზეზების გამო. ამიტომ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, თუ როგორი იყო ეს პოლიტიკური ძალა, როგორი მეთოდებით მართავდა ქვეყანას, როგორი ავტორიტარული იყო და რას ნიშნავს რეალურად სისხლიანი რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.