ირაკლი კობახიძე - უნდა გავიხსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც რეჟიმმა ჩაიდინა 2004-2012 წლებში, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და მნიშვნელოვანი იქნება შედეგები
უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულების შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას დუბაიში განუცხადა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა.
„საპარლამენტო გამოძიება არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი თუ არა. ეს პროცესი წარიმართება საჯაროდ, საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 – 2012 წლებში. ეს არის უმძიმესი დანაშაულები. ეს არის უამრავი ადამიანის მკვლელობა, ადამიანების წამება, სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა ციხეებში. ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, რაც შეეხო ათიათასობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო 2008 წლის ომის დანაშაული. უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულების შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა პრემიერმა.