ირაკლი კობახიძე - უნდა აღვნიშნოთ მოვლენა, რომელიც უფრო მეტად გვაახლოებს ევროპასთან
ირაკლი კობახიძე - უნდა აღვნიშნოთ მოვლენა, რომელიც უფრო მეტად გვაახლოებს ევროპასთან

ჩვენ თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტად ვუახლოვდებით ევროპას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

დეპუტატმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვემზადებით საზეიმო ღონისძიებისთვის, რომელიც ეძღვნება ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტად ვუახლოვდებით ევროპას.

იდეა ეკუთვნის ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. მათ ეკუთვნით ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენგან. ჩვენ, ბუნებრივია, მხარი დავუჭირეთ ამ იდეას და დღეს გაიმართება გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას მიეძღვნება. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ეს მოვლენა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ევროპასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება თავისი შინაარსით საზეიმოა და დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის.

„ეს იქნება აბსოლუტურად საზეიმო ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის მთლიანად საზეიმო თავისი შინაარსით ეს ღონისძიება. ბუნებრივია, ვერანაირი დაპირისპირების საფუძველი ეს ვერ გახდება“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ დღევანდელი ღონისძიებით ძალის დემონსტირერებას ახდენს, კობახიძე ამბობს, რომ მიზანი ეს არ არის და მმართველი პარტიისადმი ხალხის მხარდაჭერა დასტურდება არჩევნებით.

„მიზანი ეს არ არის, მაგრამ ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ძალასაც დაინახავს დღეს საზოგადოება. ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ჩვენს უკან დგას ხალხის მხარდაჭერა, ეს დასტურდება არჩევნებით და ეს დასტურდება ზოგადად იმ გარემოთი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ამის მორიგი დასტური იქნება, რა თქმა უნდა, დღევანდელი ღონისძიება. თუმცა, ძალის დემონსტრირება არ არის მიზანი, მიზანი არის ის, რომ ერთად ვიზეიმოთ მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს, ძალიან მაღალია ენთუზიაზმი, ინტერესი, მოტივაცია ჩვენს მხარდაჭერაში. უფრო მეტიც, გაჩნდა ტრანსპორტის პრობლემა, რომ თითოეული ჩვენი მხარდაჭერის მობილიზება მოგვეხერხებინა ჩვენ დედაქალაქში. ძალიან მაღალია ენთუზიაზმი და მოტივაცია. სწორედ ამ მოტივაციის ხარჯზე გაიმართება დღეს ძალიან გრანდიოზული ღონისძიება“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.