ირაკლი კობახიძე - უდიდესი მადლობა ჩვენს წმინდა ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში
ირაკლი კობახიძე - უდიდესი მადლობა ჩვენს წმინდა ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში

ჩვენი სამშობლო ჩვენი სიამაყეა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს თვითმყოფადობის სამი უმთავრესი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხის სიამაყეა საქართველოს თითოეული კუთხე, უნიკალური ენა და დამწერლობა და საქართველოს დედაეკლესია.

„ჩვენი სიამაყეა ჩვენი სამშობლოს თითოეული ულამაზესი კუთხე – ულამაზესი ბუნებითა და ულამაზესი ადამიანებით; ჩვენი სიამაყეა ჩვენი უნიკალური ენა და დამწერლობა; ჩვენი სიამაყეა საქართველოს დედაეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. მინდა, დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს წმინდა ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – ილია მეორეს, რომელმაც თავისი სიბრძნითა და ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში“, – განაცხადა პრემიერმა.