ირაკლი კობახიძე – უცხოურ აგენტურას აქვს ამოცანა, ხელი შეუშალოს ნდობის აღდგენას, გვაქვს ამოცანა, ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, ჩვენი პოლიტიკა იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული

11:40, 18.08.2026

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დავაჩქაროთ ნდობის აღდგენის პროცესი. ამის ზოგადი რესურსი არსებობს. როგორც არ უნდა ეცადონ უცხოელმა აგენტებმა ამ პროცესის დაზიანება, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ამ მიმართულებით მკაფიო პოლიტიკა აქვს.

„სახელმწიფოს აქვს მკაფიო პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს დამტკიცებული ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით, მათ შორის მიღებული გვაქვს კანონმდებლობა, რომელსაც ეწოდება „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. წლების წინ დამტკიცდა ეს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის სასარგებლოდ, მათი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას და ა.შ. და იგივე ეს ნაბიჯები, რაც გადაიდგა საწვავით მომარაგებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ასევე ნდობის აღდგენისკენ არის მიმართული. თუმცა თქვენ ხედავთ გაჩაღებულ კამპანიას ამ ყველაფრის წინააღმდეგ. უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა – ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა – ხელი შევუწყოთ პირიქით ნდობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი