ირაკლი კობახიძე - ტყიბულის შემთხვევა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
ირაკლი კობახიძე - ტყიბულის შემთხვევა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

„შეძრული ვარ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დღეს გამთენიისას უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.