ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66 პროცენტი, ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ მაჩვენებელი 68 პროცენტამდე გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66 პროცენტი, ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ მაჩვენებელი 68 პროცენტამდე გაიზრდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მანდატების მიხედვით პარტიების მიერ მიღებული მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნების შედეგები გააცნო.

„დღეს შევაჯამეთ მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნების შედეგები პარტიების მიერ მიღებული მანდატების მიხედვით. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი იყო 2068 მანდატი. აღნიშნული მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდა:

„ქართული ოცნება“ 1 331; „ნაციონალური მოძრაობა“ 502; „საქართველოსთვის“ 109; „ლელო“ 27; „ევროპული საქართველო“ 18; „მესამე ძალა“ 8; „მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ 6; „პატრიოტთა ალიანსი“ 5; „ევროპელი სოციალისტები“ 4; „ლეიბორისტული პარტია“ 3; „სახალხო პარტია“ 3; „პროგრესი და თავისუფლება“ 2; „ანა დოლიძე ხალხისთვის“ 2; „მოქალაქეები“ ერთი; „გირჩი“ ერთი; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთი; „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ორი. მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66 პროცენტი. ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 68 პროცენტამდეც გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოებში მიიღო მანდატების 25 პროცენტი, ხოლო ყველა სხვა პარტიამ ერთად – მანდატების ცხრა პროცენტი. ასეთია საერთო სურათი მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ციფრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა კობახიძემ.

პარტიის თვმჯდომარემ ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 44 მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. შესაბამისად, ჩვენ გავაუმჯობესებთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგსაც კი, სადაც მაშინ ორ მუნიციპალიტეტში წავაგეთ მერის არჩევნები. როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც. ქართველი ამომრჩევლის 47-მა პროცენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მყარი ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ.

პოლარიზაციისა და ღალატის პირობებში ესოდენ მყარი ლეგიტიმაციის მიღება ცხადყოფს ქართველი ამომრჩევლის ნებას, გაგრძელდეს განვითარება, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს, და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი. 30 ოქტომბერს ეს რეფერენდუმი ბოლომდეა მისაყვანი. მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. ეს მოცემულობა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღებისათვის. დასასრულ, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.