ირაკლი კობახიძე - ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ყველანაირი დაფინანსების გაჩერებაზე, ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის, არეულობისკენ მიმართული ყველა დაფინანსება უნდა გაჩერდეს
ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, უნდა გაჩერდეს ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისა და რევოლუციისკენ.
„ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ყველანაირი ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. მთავარია, ასე გაგრძელდეს პროცესები. იმედი გვაქვს, ეს არ იქნება მხოლოდ სამთვიანი შეჩერება. ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა, უნდა გაჩერდეს და ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.