ირაკლი კობახიძე - თინათინ რუხაძეს აქვს უნარი, დამატებით შეუწყოს ხელი კულტურის სფეროს განვითარებას, წარმატებებს ვუსურვებ შალვა გოგოლაძეს მომავალში სპორტის მინისტრის პოზიციაზე
ირაკლი კობახიძე - თინათინ რუხაძეს აქვს უნარი, დამატებით შეუწყოს ხელი კულტურის სფეროს განვითარებას, წარმატებებს ვუსურვებ შალვა გოგოლაძეს მომავალში სპორტის მინისტრის პოზიციაზე

თინათინ რუხაძეს, მხოლოდ რამდენიმე კვირაა, უკავია კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა, თუმცა უკვე წარმატებულია მისი საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, თინათინ რუხაძეს არაჩვეულებრივი უნარები აქვს.

„მას აქვს უნარი, დამატებით ხელი შეუწყოს კულტურის სფეროს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, ის იქნება საუკეთესო მინისტრი კულტურისა და სპორტის სამინისტროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ პარლამენტს მიმართა ინიციატივით კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ და სპორტის მომავალ მინისტრად პარლამენტს შალვა გოგოლაძე წარუდგინა.

„საბოლოო ჯამში, თქვენზეა დამოკიდებული კანონის მიღება, თუმცა ვიცი, რომ არის გუნდის მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ინიციატივა სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით. სპორტის წარმატებებზე უკვე ვისაუბრე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მომავალშიც ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას და ინსტიტუციური ცვლილებებიც ამ კუთხით ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. მინდა, წინასწარ წარმოგიდგინოთ ბატონი შალვა გოგოლაძე მომავალში სპორტის მინისტრის პოზიციაზე. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.