ირაკლი კობახიძე - თიანეთის განვითარება ღირსეულ ხელში იქნება მას შემდეგ, რაც ლევან წიკლაური მეორე ტურს მოიგებს
ირაკლი კობახიძე - თიანეთის განვითარება ღირსეულ ხელში იქნება მას შემდეგ, რაც ლევან წიკლაური მეორე ტურს მოიგებს

20 მუნიციპალიტეტში ტარდება მეორე ტური, დღეს ვართ თიანეთში, სადაც ასევე მეორე ტური იმართება, გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან წიკლაურის სახით, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ ტურშიც ლევან წიკლაურს ჰქონდა ძალიან დიდი უპირატესობა. აქედან გამომდინარე, მას არ გაუჭირდება მეორე ტურში არჩევნების მოგება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლისა და ჩვენი აქტივის მობილიზაცია. სწორედ ამაზე გვქონდა დღეს საუბარი თიანეთში. მას შემდეგ, რაც ლევანი გაიმარჯვებს მეორე ტურში, უნდა გადავერთოთ თავიდან ბოლომდე იმ საქმეზე, რასაც ჰქვია თიანეთის განვითარება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

თამაზ მეჭიაური არის ჩვენი ოპონენტი და ჩვენ გვაქვს კონკრეტული შენიშვნები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ ამაზე არ ვაპირებთ დღეს საუბარს. დღეს ვაპირებთ საუბარს იმაზე, რომ ლევან წიკლაური არის ყველაზე ღირსეული კანდიდატი ამ მუნიციპალიტეტში. ღირსეულ ხელში იქნება ის საქმე, რასაც ჰქვია თიანეთის განვითარება მას შემდეგ, რაც ლევანი 30 ოქტომბერს მოიგებს მეორე ტურს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.