ირაკლი კობახიძე - თეორიულად შესაძლებელია, ომბუდსმენის ოფისი დავუთმოთ ოპოზიციას, მაგრამ ეს ოფისი დაკომპლექტებულია „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებით და კანდიდატის აურჩევლობით მოგებული რჩება ოპოზიცია
ირაკლი კობახიძე - თეორიულად შესაძლებელია, ომბუდსმენის ოფისი დავუთმოთ ოპოზიციას, მაგრამ ეს ოფისი დაკომპლექტებულია „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებით და კანდიდატის აურჩევლობით მოგებული რჩება ოპოზიცია

როგორც 2017 წელს დავუთმეთ ოპოზიციას სახალხო დამცველის ოფისი, თეორიულად შეიძლება, იგივე გადაწყვეტილება ახლაც მივიღოთ, მაგრამ დღესაც სახალხო დამცველის ოფისი დაკომპლექტებულია „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებით, აქედან გამომდინარე, კანდიდატის არ არჩევით, პირიქით, მოგებული რჩება ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი დაინტერესებულია, ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოხდეს, რათა „ნაცმოძრაობას“ აღარ ჰქონდეს კონტროლი ამ ოფისზე.

მისი თქმით, სახალხო დამცველთან დაკავშირებით სია გაიფილტრა რვა კანდიდატამდე, რაზეც კონსულტაციები გაგრძელდება.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას კონსულტაციებს, მმართველი გუნდი წინასწარ პოზიციას ვერ დაააფიქსირებს ვერცერთ კანდიდატზე.

„უმრავლესობაში მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა განწყობები სხვადასხვა კანდიდატის მიმართ, რვავე კანდიდატზე განწყობა ერთნაირი არ არის, თუმცა ჩვენ მოვლენებს წინ რომ არ გავუსწროთ და პრობლემა არ შევუქმნათ მოლაპარაკებებს, ვერცერთ კანდიდატზე პოზიციას ჯერ ვერ დავაფიქსირებთ.

სახალხო დამცველობის რამდენიმე კანდიდატი შერჩეული იყო ენჯეოების კლანის მიერ კლანური მეთოდით, რაზეც კვლავ უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, რაც არის ერთ-ერთი კომპონენტი, არსებობს არა მხოლოდ კითხვები, არამედ ფაქტები – ისინი პოლიტიკურად არიან მიკერძოებულნი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ამაზე არ შეცვლილა, მაგრამ რვა კანდიდატზე კონსულტაცია გაგრძელდება და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ეს ინსტიტუტი, ეს არის ერთადერთი არადამოუკიდებელი ინსტიტუტი საქართველოში, რადგან დამოკიდებულია ვიღაც-ვიღაცებზე. ამ ვიღაც-ვიღაცებს არ დავაკონკრეტებ. კანდიდატის არჩევას თუ ვერ მოვახერხებთ, მაშინ, შეგახსენებთ, რომ რჩება „ნაცმოძრაობის“ ოფისი – მოადგილეები არიან „ნაცმოძრაობის“აქტივისტები. აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობისთვის“ არაფერი იცვლება. როგორც 2017 წელს დავუთმეთ ოპოზიციას ეს ოფისი, თეორიულად შეიძლება, იგივე გადაწყვეტილება ახლაც მივიღოთ, მაგრამ დღესაც სახალხო დამცველის ოფისი დაკომპლექტებულია „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებით, აქედან გამომდინარე, კანდიდატის არ არჩევით, პირიქით, მოგებული რჩება ოპოზიცია. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოხდეს, რათა „ნაცმოძრაობას“ აღარ ჰქონდეს კონტროლი ამ ოფისზე,“ – განაცხადა კობახიძემ.