ირაკლი კობახიძე თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ახალი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. 300 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი და განათების სისტემა, აშენდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, სველი წერტილები და დამხმარე ნაგებობები.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონი ლარია.
„პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო საცურაო კომპლექსის პროექტირების მიმდინარეობას.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ახალი საცურაო კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპლექსში გათვალისწინებულია ორი აუზის მოწყობა.
კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები, ადმინისტრაციული და დამხმარე სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.