ირაკლი კობახიძე - თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ დამოკიდებულება არის ლუსტრაცია, რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა
ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და, ამ შემთხვევაში, კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია, რა მდგომარეობამდეა მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს ეხებოდა.
„ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულებას ზოგადად მედიის თავისუფლების მიმართ და, ამ შემთხვევაში, კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, საბოლოო ჯამში, ეს არის ლუსტრაცია, რა მდგომარეობამდე არის მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია. მათთვის აღარ აქვს მნიშვნელობა ფასეულობებს, მათ შორის ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას აღარ აქვს არავითარი დატვირთვა. ეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო ამ კონკრეტულ მაგალითზე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ თავისუფალ მედიასაშუალებებს, რომლებსაც უზღუდავენ საქმიანობას ევროპული ბიუროკრატიის კედლებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.