ირაკლი კობახიძე - თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს
ირაკლი კობახიძე - თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს

ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ქართული ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამჟამინდელი ხმამაღალი განცხადებებისა და სხვა პარტიების ბულინგისა არჩევნებში მონაწილეობის გამო, გარედან ინსტრუქციის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ ყველაფერს გადაუსვან ხაზი და მათაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაც იქნება უკიდურესად დამამცირებელი.

„თავისთავად ეს მოწოდებაც საინტერესოა, გარედან კარნახობენ ოპოზიციას იმას, თუ რა უნდა გააკეთონ. თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად და გარედან კარნახობენ. მიუხედავად ძალიან ხმამაღალი განცხადებებისა, რასაც აკეთებენ, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“, „ახლის“ წარმომადგენლები, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი აბულინგებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. როდესაც ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქციას, მე მგონია, რომ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი. ადრე სხვას აბულინგებდი, ახლა შენ თვითონ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება მათი დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, რაც წარსულშიც  გაუკეთებიათ“,- განაცხადა პრემიერმა.