ირაკლი კობახიძე – სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით
გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ იმიტომ კეთდება განსაკუთრებული აქცენტი განათლების რეფორმაზე.
„რაც შეეხება საჯარო სკოლებს: ამასთან დაკავშირებით მე განმარტება გავაკეთე — ჩემი ბავშვებიც დადიან კერძო სკოლაში, თავიდანვე კერძო სკოლაში შევიყვანე ბავშვები და ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ რა: ჩვენ სწორედ ამიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს განათლების რეფორმაზე, ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით. ამას ძალიან მკაფიოდ ვამბობთ. ეს პრობლემები დაგროვდა დიდი ხნის განმავლობაში – 90-იან წლებში, შემდეგ კიდევ 10 წელი იყო და ასევე ჩვენ აღიარებით გამოვედით იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სადმე გვქონდა მცირე პროგრესი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ განათლების სისტემა. ამიტომ ცალკე გამოვედით უმაღლესი განათლების რეფორმის ინიციატივით, ცალკე გამოვედით ზოგადი განათლების რეფორმის ინიციატივით. ჩვენ გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე. ბაღებში ხდება ასე: თბილისში, მაგალითად, რომ აიღოთ თქვენ კერძო საბავშვო ბაღები და საჯარო ბაღები, ძალიან ბევრ მშობელს გადაჰყავს საკუთარი ბავშვები კერძო ბაღებიდან საჯარო ბაღებში, იმდენად უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და მომსახურების ხარისხი წლიდან წლამდე. და ასეთივე პროგრესს გვინდა მივაღწიოთ საჯარო სკოლებში, რაც დღეს არ არის, სამწუხაროდ, მიღწეული,”- აღნიშნა კობახიძემ.