ირაკლი კობახიძე - სუს-ის განცხადება ძალიან შემაშფოთებელია, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული
ირაკლი კობახიძე - სუს-ის განცხადება ძალიან შემაშფოთებელია, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკიდურესად შემაშფოთებელია იმ გეგმების შინაარსი, რის შესახებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ძალიან შემაშფოთებელია. ზოგადი გეგმების შესახებ, ბუნებრივია, ისედაც ვიყავით ინფორმირებული ყველა, რადგან ისინი საჯაროდ აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ უკიდურესად შემაშფოთებელია იმ გეგმების თვითონ ფორმა, შინაარსი. საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე – აფეთქება, იარაღის გამოყენება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.