ირაკლი კობახიძე - სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას, თითქოს სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, ეს იყო სიცრუეზე აგებული კამპანია
ირაკლი კობახიძე - სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას, თითქოს სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, ეს იყო სიცრუეზე აგებული კამპანია

ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, დაწესებულებები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაცული იყოს თითოეული პატიმრის, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უფლებები. ამ პირობებში სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნებოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა სიყალბეზე აგებულ კამპანიას.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არავითარი პერსპექტივა და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, დაწესებულებები ყველაფერს აკეთებენ, რათა თითოეული პატიმრის უფლებები იყოს დაცული, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. ამ პირობებში ასეთ სარჩელს ვერ ექნებოდა პერსპექტივა. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია და ამ კამპანიას დაესვა წერტილი სტრასბურგის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტები, ეს არის ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.