ირაკლი კობახიძე - სოროსის ფონდში გაიმართა უცხოელი აგენტების თავყრილობა, გამოაქვეყნეს საკუთარი დასკვნა, სადაც სახალხო დამცველის არჩევაზე უწერიათ, რომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულდა, ეს აბსურდია
ირაკლი კობახიძე - სოროსის ფონდში გაიმართა უცხოელი აგენტების თავყრილობა, გამოაქვეყნეს საკუთარი დასკვნა, სადაც სახალხო დამცველის არჩევაზე უწერიათ, რომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულდა, ეს აბსურდია

დღეს სოროსის ფონდში გაიმართა უცხოელი აგენტების თავყრილობა, მათ გამოაქვეყნეს საკუთარი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პუნქტი შესრულდა, რომელი არ შესრულდა და რომელი ნაწილობრივ შესრულდა. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველზე მოთხოვნა იყო არჩევა, ავირჩიეთ და უწერიათ, რომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულდა, აბსურდია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ერთ-ერთ პუნქტად მოთხოვნა იმისა, რომ თანამდებობის პირი 90 ხმით უნდა აირჩიო, პრობლემური იყო.

„ნაწილობრივ შესრულდა რას ნიშნავს, ანუ შესრულებაზე ვინ არის პასუხისმგებელი დადებითი კუთხით და ნაწილობრივზე ვინ არის პასუხისმგებელი უარყოფითი კუთხით – ვინც ხმა მისცა ლევან იოსელიანს, ის არის პასუხისმგებელი ნაწილობრივზე, თუ ვინც ხმა მისცა ლევან იოსელიანს, ის არის დადებითი კუთხით პასუხისმგებელი არჩევაზე, ანუ პუნქტის შესრულებაზე? სიტყვაზე, ხათუნა სამნიძემ მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანს, ხათუნა სამნიძის ბრალია ნაწილობრივ შესრულება, თუ ეს არის ხატია დეკანოიძის ბრალი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ლევან იოსელიანს? ამაზე პასუხი არსებობს? მე მგონია, რომ არ არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ აბსურდია თვითონ ამის მოთხოვნაც, ანუ, ერთ-ერთ პუნქტად მოთხოვნა იმისა, რომ უნდა აირჩიო თანამდებობის პირი 90 ხმით, ცოტა პრობლემური იყო, ჩემი აზრით, რადგან 90 ხმა არის საჭირო, როგორ უნდა აგვეღო ჩვენ პასუხისმგებლობა, იგივე ვითარებაა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით. აქ სირთულე ის არის, რომ დეპუტატებს არავის არც უნდა საბჭოში გადასვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რა ვითარებაში მოხდა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის არჩევა.

„გახსოვთ, რა ვითარება იყო. საბოლოო ჯამში კონსენსუსის მიღწვა იყო აბსოლუტურად შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი შანსი გამოვიყენთ, რაც იყო, რომ ოპოზიცონერი პარლამენტარისთვის უნდა დაგვეთმო ეს თანამდებობა. იცით, რომ როცა კენჭი ეყრება თანამდებობაზე პარლამენტის წევრს, მას და მისი გუნდის წევრებსაც შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. ეს იყო ერთადერთი შანსი, რომ ჩვენ აგვერჩია სახალხო დამცველი. აქაც იმდენად აშკარად ჩანდა მათი თვითმიზანი, რომ პარლამენტს ვერ აერჩია სახალხო დამცველი, პირდაპირ გამოვიდა ლევან იოსელიანი და არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ სამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატზე იყო ინტენსიური ბულინგი, მათ შორის „ენჯეობის“ მხრიდან, „ენჯეოები“ აბულინგებდნენ, რომ მხარი არ დაეჭირათ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, ოპოზიციას მივეცით ეს თანამდებობა. აქედან ხომ ძალიან მარტივად ჩანს, რომ ოპოზიციას ჰქონდა უბრალოდ თვითმიზანი, ჩვენ არ აგვერჩია სახალხო დამცველი. თავისთავად, ალოგიკურია, როცა ითხოვენ ჩვენგან კონკრეტული თანამდებობის პირის არჩევას, რაზეც 90 ხმა არის საჭირო. ცოტა ალოგიკური მგონია, რადგან შენ ვერ აიღებ ამაზე ერთპიროვნულად პასუხისმგებლობას. ხელისუფლებას ამაზე არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. შენ შეიძლება, მხარი დაუჭირო გონივრულ გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის ან საბჭოს წვერების არჩევასთან დკაავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.