ირაკლი კობახიძე სხვადასხვა რეგიონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო
ირაკლი კობახიძე სხვადასხვა რეგიონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში დაესწრო.

პრემიერ-მინისტრი გორში ვიცე-პრემიერთან, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, მამუკა მდინარაძესთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი ტექნიკა და სივრცეები დაათვალიერა და საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

26 მაისთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გორში, ცენტრალურ მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ასევე გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა, რომელიც მთავრობის მეთაურმა, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.

გორში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აგრეთვე, პროგრამა დატვირთულია საბავშვო, შემეცნებითი და სახელოვნებო აქტივობებით, ეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დღევანდელი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ირაკლი კობახიძე ოზურგეთშიც იმყოფებოდა. მასთან ერთად ოზურგეთს ეწვივნენ ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სასწავლებლების საგამოფენო სივრცეები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციურ პროექტებს გაეცნო.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნება; მათ შორისაა – შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო-გასართობი აქტივობები. ტერიტორიაზე გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა.

პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობასაც მიულოცა.

მთავრობის მეთაური 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, თამარ იოსელიანთან ერთად დაესწრო.

ფოთის ცენტრალურ მოედანზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ.

ფოთში გაიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებულ შემეცნებით აქტივობებში.

საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა.