ირაკლი კობახიძე - სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში მუდმივად საუბრობენ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოწყობაზე, ეძებენ გზებს, რამენაირად არიონ ვითარება, ინციდენტების დაგეგმვაც ამის ნაწილია
სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში გამუდმებით მიმდინარეობს საუბარი შესაძლო პროვოკაციებზე და ინციდენტებზე, პარტიებში მუდმივად საუბრობენ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოწყობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერებიც საფრთხის ქვეშ არიან?
„ასეთ თემებზე მუდმივად არის საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე, გვაქვს წარსული გამოცდილება. გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. გამოცდილებაც არსებობს, ასეთი საუბრები არის ოპოზიციური პარტიების შიგნით, რაზეც მრავლად მოგვდის ინფორმაცია. როდესაც ოპოზიცია არის დასუსტებული, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად, საცერივით გამოდის გარეთ ინფორმაცია.
შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიებიდან და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, სხვადასხვა პარტიაში თან. არამარტო, დავუშვათ, „ნაციონალურ მოძრაობაში“, სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაშიც გამუდმებით მიმდინარეობს საუბარი შესაძლო პროვოკაციებზე და ასეთი ტიპის ინციდენტებზე. მიზეზი მარტივია. მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჯამური რეიტინგი არის დაახლოებით 25 პროცენტი. ასეთ პირობებში ისინი ეძებენ გზებს, რამენაირად არიონ ვითარება და ასეთი ინციდენტების დაგეგმვაც ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილია. პარტიებში მუდმივად საუბრობენ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოწყობაზე. ეს შეიძლება იყოს, მათ შორის, კრიმინალური აქტი, მათ შორის, ისეთი ტიპის აქტი, რაც მოხდა გივი თარგამაძის შემთხვევაში, შეიძლება იყოს სხვა ისეთი ტიპის პროვოკაცია, რაც ვახსენე. მაგალითად, რაც მოჰყვა ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს, მკვლელობას და ასე შემდეგ. იცით, რომ სუს-ში არის მიმდინარე გამოძიებაც თემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის გეგმებთან. რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმეც, მაგრამ ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, პასუხისმგებელი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ასეთი შესაძლო საფრთხეების თაობაზე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული“.