ირაკლი კობახიძე - სირთულეების მიუხედავად, რომელიც ქვეყანაშია, „ქართულ ოცნებას“ კვლავაც მყარი მხარდაჭერა აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სირთულეების მიუხედავად, რომელიც ქვეყანაშია, „ქართულ ოცნებას“ კვლავაც მყარი მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ მან შუალედური არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, ყველა ოლქი იყო პრინციპული, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშკარად გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთგვარ ეიფორიაში და ილუზიაში. მათ განაზოგადეს ამ არჩევნების შედეგები და მიიჩნიეს, რომ აქვთ ერთგვარი ზრდა რეიტინგში, თუმცა, ვერ გათვალეს ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის სპეციფიკური არჩევნები – ეს არის არჩევნები, სადაც არ აირჩევა პოლიტიკური ლიდერი იმ გაგებით, რომ პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი აღმასრულებელი ფუნქციების შესრულებაზე.
აქედან გამომდინარე, ეს იყო სპეციფიკური არჩევნები და ამან განაპირობა ის შედეგები, რომელიც დადგა საპრეზიდენტო არჩევნებში. კერძოდ, პირველ ტურში და ასევე, მეორე ტურზეც შეიძლება საუბარი. რეალურად, ეს იყო, ერთგვარი, ასე ვთქვათ, რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამან აჩვენა, ის, რომ ეს ეიფორია, რომელიც ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობაში“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რეალურად, საფუძველს მოკლებული იყო. „ქართულ ოცნებას“ აქვს კვლავაც მყარი მხარდაჭერა საზოგადოების, ხალხის მხრიდან, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, რეალურად, მას არ აქვს შანსი, რომ 2020 წელს მიაღწიოს წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის თვალსაზრისით, ცუდი სურათია ქვეყანაში.
„რაც შეეხება, ზოგადად, ოპოზიციას, არის ცუდი სურათი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის ინტერესშია, მოქალაქეების ინტერესშია, საზოგადოების ინტერესშია, სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი და ძლიერი უნდა იყოს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შინაარსობრივი თვალსაზრისით, მას არ უნდა ჰქონდეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი, როგორიც აქვს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორიც აქვს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ის, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი და გაჯანსაღდეს ოპოზიცია და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით გვექნება დადებითი ტენდენციები 2020 წლისთვის და ასევე, 2020 წლის შემდეგაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.