ირაკლი კობახიძე - შს მინისტრთან შეთანხმებით, 00:00 საათზე სპეცრაზმი უნდა გასულიყო პერიმეტრიდან, მომიტინგეებმა როდესაც დაინახეს, რომ რაოდენობა იკლებდა, დაიწყო უხეში ძალადობა
ირაკლი კობახიძე - შს მინისტრთან შეთანხმებით, 00:00 საათზე სპეცრაზმი უნდა გასულიყო პერიმეტრიდან, მომიტინგეებმა როდესაც დაინახეს, რომ რაოდენობა იკლებდა, დაიწყო უხეში ძალადობა

როდესაც შეთანხმებული ვიყავით შს მინისტრთან ერთად, რომ 00:00 საათზე მთლიანად უნდა დაეტოვებინა სპეცრაზმს პერიმეტრი, 23:20 საათზე რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფებები იღებენ დავალებას, დაუშინონ მძიმე საგნები პოლიციელებს, მიაყენონ უხეში შეურაცხყოფა, ხელით გაიწიონ მათი მიმართულებით. ამან გახადა აუცილებელი როგორც აირის, ასევე წყლის ჭავლის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ასეთი გეგმა იყო, რაზეც მე მქონდა საუბარი პირადად შინაგან საქმეთა მინისტრთან: 23:00 საათისთვის ვესაუბრე მინისტრს და ასეთი გეგმა გვქონდა. უკვე დაწყებული ჰქონდა კლება იქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, უკვე სერიოზული გადინება იყო და, ჩვენი გეგმის მიხედვით, ღამის 12:00 საათზე მთლიანად უნდა გასულიყო ეზოში სპეცრაზმის ძალები. როდესაც დაინახეს მომიტინგეებმა, რომ მათი რაოდენობა სერიოზულად იკლებდა, არ უნდოდათ ამის ასე დატოვება და დაახლოებით 23:20 საათზე დაიწყო უხეში ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. ეს გამოიხატებოდა საგნების სროლით, რის შედეგადაც უმეტესად სწორედ ეს დაზიანებები მიადგა ამ პოლიციელებს. ეს გამოიხატებოდა ძალიან უხეში შეურაცხყოფით, გინებაზე აღარ მაქვს საუბარი. პირდაპირ, ერთ-ერთი ფაქტია, დაკავებულია ეს „გულწრფელი ახალგაზრდა“, პირდაპირ მივიდა და ერთ-ერთ პოლიციელს შეაფურთხა სახეში. ასეთი რაღაცები ხდებოდა, უმძიმესი პროვოკაციები. ანუ, დაახლოებით 23:20 საათზე შეკრების ამ ნაწილმა მიიღო უხეშად ძალადობრივი ხასიათი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალურმა დაჯგუფებებმა მიიღეს დავალება, სამართალდამცველებისადმი მძიმე საგნები დაეშინებინათ, მიეყენებინათ შეურაცხყოფა და ხელით გაწეულიყვნენ მათი მიმართულებით.

„23:20 საათზე, მაშინ, როდესაც შეთანხმებული ვიყავით შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, რომ 00:00 საათზე მთლიანად უნდა დაეტოვებინა სპეცრაზმს პერიმეტრი და უნდა გადასულიყო ეზოში, აბსოლუტურად მშვიდობიანად დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ხომ?! ხდება რა – 23:20 საათზე ეს რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფებები იღებენ დავალებას, რომ დაუშინონ მძიმე საგნები პოლიციელებს, მიაყენონ უხეში შეურაცხყოფა, ხელით გაიწიონ მათი მიმართულებით. ამან გახადა აუცილებელი, საბოლოო ჯამში, როგორც აირის გამოყენება, ასევე წყლის ჭავლის გამოყენება, რამაც გამოიწვია მთლიანობაში ვითარების ესკალაცია და ეს პროცესები შემდეგ ასე გაგრძელდა. გარდა ამისა, ერთჯერადი გამოყენების შემდეგ, რამდენჯერმე დაუბრუნდნენ მომიტინგეები იმ ადგილს, რათა კიდევ ერთხელ წარემართათ საკუთარი აგრესიული ქმედებები. ეს არის ფაქტების კონსტანტაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები დღესაც გადავლენ ძალადობაზე.

„დღევანდელი დღე რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად, დღესაც, დარწმუნებული ვართ, როგორც უკვე ვთქვი, რომ აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები. ამისთვის ჰყავთ მობილიზებული 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი. ეს არის ამ ე.წ. ახალგაზრული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც, არსებითად, აფინანსებენ კეზერაშვილი, ასევე ხაზარაძეს ჰყავს პატარა დაჯგუფება. არის ასევე კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც კონკრეტული წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას, რაც გახდება გამჭვირვალე ამ კანონის მიღების შემდეგ. ეს 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რომ არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, პირდაპირ გადავლენ ხელჩართულ დაპირისპირებაზე – რა უნდა გააკეთოს, აბა, ამ დროს სპეცრაზმმა?! დღესაც იქნება იგივე, ძალადობაზე გადავლენ დღესაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.