ირაკლი კობახიძე - შოვში 3 აგვისტოს სამუშაოები არ შეჩერებულა, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, პროცესები წარიმართა ეფექტიანად
ირაკლი კობახიძე - შოვში 3 აგვისტოს სამუშაოები არ შეჩერებულა, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, პროცესები წარიმართა ეფექტიანად

3 აგვისტოს სამუშაოები არ შეჩერებულა, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. თუ საუბარია ვერტმფრენებზე, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვა და გაეცა პასუხი, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, დრონები, მათ შორის ღამის ხედვის აპარატურით ათვალიერებდნენ ტერიტორიას და ამის საფუძველზე გრძელდებოდა მუდმივ რეჟიმში სამაშველო სამუშაოები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში 3 აგვისტოს ღამეს პროცესები წარიმართა ეფექტიანად.

„ერთადერთი თემა იყო ვერტმფრენები და ვერტმფრენებთან დაკავშირებითაც უნდა განიმარტოს, როდესაც საუბარია ღამის ხილვის აპარატურაზე, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, მე ეს ინფორმაცია მაქვს, ღამის ხილვის აპარატურა არ აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს. შესაბამისად, ასეთი აპარატურის პირობებშიც კი პილოტებს აქვთ ისეთივე საფრთხე, როგორც სხვა შემთხვევაში. ღამის ხედვის აპარატურა უბრალოდ აადვილებს ობიექტების იდენტიფიცირებას, თუმცა ასეთი ობიექტების იდენტიფიცირება, მათ შორის ადამიანების, იმავე ცხედრების და ასე შემდეგ, შესაძლებელი იყო ისეთივე ეფექტურობით დრონების მეშვეობითაც. აქედან გამომდინარე, სამუშაოები არ შეჩერებულა, სამუშაოები გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის. პროცესები წარიმართა ეფექტიანად. რამე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებში ვერცერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც ალბათ პასუხისმგებლობა შეგვიძლია, ავიღოთ. თუმცა, ბუნებრივია, ყველა დაელოდება დეტალურ ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.