ირაკლი კობახიძე - შემდეგი წელიწად-ნახევარი კრიტიკული იქნება, მაგრამ ამას თუ გადავაგორებთ, ყველა კუთხით ურთიერთობების ნორმალიზება აბსოლუტურად რეალურია
შემდეგი წელიწად-ნახევარი კრიტიკული იქნება, მაგრამ თუ ამას გადავაგორებთ, აბსოლუტურად რეალურია ყველა კუთხით ურთიერთობების ნორმალიზება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად აქვს მმართველ გუნდს იმის მოლოდინი, რომ დასრულდეს პოლარიზაცია და დიქოტომია, რომელშიც მუდმივად ხდება ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ლეგიტიმური პოლიტიკური ჯგუფების ლეგიტიმაცია.
„ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების პროგნოზის ჭრილში. ვფიქრობ, მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები ნორმალიზების სასარგებლოდ წარიმართება. მათ შორის, დიდი იმედი გვაქვს, ომი დასრულდება. არის საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის მაინც დასრულდეს ომი. ეს დაამშვიდებს მთლიანად რეგიონს და, მათ შორის, ზოგადი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს. ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი. მთავარია, ეს კრიტიკული პერიოდი გადავაგოროთ. შემდეგი წელიწად-ნახევარი კრიტიკული გვექნება არა მარტო საქართველოში, იმ კუთხით, რომ წინ არჩევნები გველოდება, არამედ საერთაშორისო დონეზეც მგონია, რომ კრიტიკული იქნება, მაგრამ თუ ამას გადავაგორებთ, და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად გადავაგორებთ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად რეალურია ყველა კუთხით ურთიერთობების ნორმალიზება. იმიტომ, რომ ის ინტერესიც აღარ იქნება, ჩვენ რაღაცაში ჩავერთოთ, მოხდეს ქვეყნის უკრაინიზაცია და, მეორე მხრივ, საქართველოშიც, შიგნით, გვექნება განსხვავებული პოლიტიკური სურათი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ნორმალიზებისთვის ძალიან კარგი საფუძველი არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.