ირაკლი კობახიძე - შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე
ირაკლი კობახიძე - შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

ყველა ის ზოგადი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული საარჩევნო სისტემის შემუშავებისას, ამ შემთხვევაში არის დაცული და ეს იძლევა საფუძველს, რომ ამ სისტემამ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარება, – ამის შსახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ჩვენ დათვლილი გვაქვს ხმები. იმ ორი პოლიტიკური პარტიის გარეშეც არის საკმარისი ხმები, რათა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ საკონსტიტუციო კანონპროექტის მიღების თვალსაზრისით არ იქნება არანაირი დაბრკოლება. იყო საუბარი იმაზე, რომ წინა წლების განმავლობაში განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც ჩვენ გადავედით სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, შემოღებულ იქნა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და ეს კონსტიტუცია, რომელიც უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულად ამოქმედდება ჩვენს ქვეყანაში, არის მთლიანად შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან, თუმცა რჩებოდა ერთი პრინციპული საკითხი – ეს იყო საარჩევნო სისტემის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მოქმედებდა დროებითი გარდამავალი დებულება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ამ გარდამავალი დებულების ცვლილებაზე, რომელიც თავის დროზე გახდა ოპოზიციის კრიტიკის საგანი. სწორედ აქ შედის პოზიტიური ცვლილება და ხდება ამ ნორმის გადასინჯვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 120/30-ზე მოდელი იძლევა დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საშუალებას.

„პრაქტიკულად, ამ შემთხვევაში, შედეგი რაოდენობრივი თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ჯამურად უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლობა არის იმის იდენტური, რაც იქნებოდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, თუ დადგენილი იქნებოდა ხუთპროცენტიანი ბარიერი, მაგრამ 2016 წელს რომ ჩატარებულიყო სრულად პროპორციული არჩევნები ხუთპროცენტიანი ბარიერით, „ქართულ ოცნებას“ იმ შედეგით, ანუ 49-პროცენტიანი შედეგით ექნებოდა 91 მანდატი მაშინდელ პარლამენტში და ამ სისტემითაც, „ქართული ოცნება“ მიიღებდა 91 მანდატს. ანუ შედეგი, რასაც წარმოშობს ეს სისტემა, არის იმის იდენტური, რაც ექნებოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე – დაბალი საარჩევნო ბარიერი, რაც პოლიტიკურ პარტიებს აძლევს საშუალებას, შედარებით მარტივად მიიღონ საპარლამენტო მანდატები.

„ეს არის ერთპროცენტიანი ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არის გამრავლებული საარჩევნო ბარიერი საარჩევნო ბლოკებისთვის, რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში წარმოდგენილი, იმდენპროცენტიაბი ბარიერი არის მისთვის დადგენილი. მთლიანობაში ეს გვაძლევს რის საშუალებას – ნებისმიერი საარჩევნო სისტემის მიზანია, უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის სტაბილური განვითარება, პლურალიზმის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და საპარლამენტო სპექტრში, ამ შემთხვევაში, ეს ორივე მიზანი სათანადოდ არის მიღწეული: სტაბილურობა სათანადო დოზით იქნება უზრუნველყოფილი ამ საარჩევნო სისტემის საფუძველზე და მეორე – პლურალიზმის ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება. რეალურად სავარაუდოდ სადღაც ექვსი-შვიდი პოლიტიკური პარტია მაინც გადალახავს იმ საარჩევნო ბარიერს, რაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით არის დადგენილი. ყველა ის ზოგადი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული საარჩევნო სისტემის შემუშავებისას, ამ შემთხვევაში არის დაცული და ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ სისტემამ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა წევრს, მხარი დაუჭირონ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში, რომელიც საქართველოს პირველ არხის ეთერში გადაიცემა, საკონსტიტუციო კომისიის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ირმა ინაშვილი და მარიამ ჯაში მონაწილეობენ. განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი