ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია, გამოვხატოთ მზაობა, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, ჩვენ ვართ სრულიად ღია, თუმცა მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროპა მიიყვანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე და მძიმე ტენდენციებამდე. მათ უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ევროპა ჯერ კიდევ ინარჩუნებს, მათ შორის, კეთილდღეობის იმ დონეს, რომელიც 70-წლიანი უწყვეტი მშვიდობის საფუძველზე შეიქმნა ევროპის მასშტაბით, მაგრამ ტენდენციები არის უკიდურესად შემაშფოთებელი“.
„ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 2008 წელს 30 პროცენტი და ეს წილი ჩამოსულია 17 პროცენტამდე. როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობა და ასეთი მძიმე ტენდენციები გაქვს, უნდა იყო გადართული როგორც საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე, ასევე ურთიერთობების მაქსიმალურად განვითარებაზე. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ისინი არათუ ურთიერთობების, თანამშრომლობის განვითარებას ცდილობენ, არამედ პირიქით, ცდილობენ, ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან, როგორიც, მაგალითად, არის საქართველო. ეს არ შედის ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებში და აქედანაც ჩანს, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე ძალების და არა ევროპის საზოგადოების ინტერესების კარნახით. ევროპული ბიუროკრატია არის თვისებრივად გარე ძალების გავლენის ქვეშ, ეს არის „დიფ სთეითი“. აშშ-ში შესუსტდა „დიფ სთეითის“ გავლენები, მაგრამ აქცენტები გადმოვიდა ევროკავშირში და ამის გაგრძელებაა თუნდაც ის, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის საქართველოში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, ეს მიდგომები შეიცვლება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენ ვართ სრულიად ღია, თუმცა მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას, არსაუბარს. ეს არის სრულიად საბჭოური მიდგომები, რაც უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.