შალვა შავგულიძემ გადაკვეთა მორალური ზღვარი, როდესაც საკუთარი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის ოლქში არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, მთაწმინდის მოსახლეობა ხედავს, რამდენად პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს და აქედან გამომდინარე, იაქტიურებენ.
„პასუხი პრინციპში უკვე გაეცა ამ ყველაფერს. შალვა შავგულიძემ აიღო იმაზე ნაკლები ხმა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იღებდნენ ხოლმე მთაწმინდის ოლქში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში გამარჯვება იქნება შთამბეჭდავი, ამის ყველა პირობა არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს არის დამოკიდებული ამომრჩეველზე. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი აქტიურად გამოვა არჩევნებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვამბობდით, რომ ყველგან, სადაც იქნებოდა ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა, მოვიგებდით პირველ ტურში. ერთადერთი გამონაკლისი იყო მთაწმინდის ოლქი, სადაც ობიექტურ მიზეზთა გამო იყო დაბალი აქტიურობა და სწორედ ამის გამო ვერ მოვახერხეთ ჩვენ პირველივე ტურში გამარჯვება.
მარტივად არის აქ საქმე. მერის არჩევნები ტარდებოდა სხვა ოლქებში, ხუთ მუნიციპალიტეტში, იქ აირჩეოდა პირველი პირი შესაბამისი მუნიციპალიტეტის, ვინც არის პასუხისმგებელი შემდეგი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის მართვაზე. ბუნებრივად იყო ინტერესი იქ უფრო მაღალი. რაც შეეხება პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, აირჩევა 150-დან ერთი დეპუტატი. ეს ბუნებრივია უმრავლესობის საკითხზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იყო ლოგიკური, შედარებით დაბალი ინტერესი თბილისში. თუმცა, დღეს, ვფიქრობ, რომ მთაწმინდის მოსახლეობა ხედავს თუ რამდენად პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები იქნება აქტიური მეორე ტურის შემთხვევაში და ჩვენ ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მთაწმინდის ოლქში კიდევ ერთხელ დადგა ერთმანეთის პირისპირ ორი პოლიტიკური ძალა – „არის ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“.
„ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი რადიკალურად განსხვავებული ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური ძალა. ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული მორალური თვალსაზრისით და მეორე მხარე დგას პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დღეს პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. შესაბამისად, უნდა გაკეთდეს პრინციპული არჩევანი, მათ შორის მორალური არჩევანი.
ეს არის ღიმილისმომგვრელი. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, მას არანაირი პოლიტიკური და პოლიტიკურთან მიახლოებული პოზიცია არასდროს ეჭირა და არ იყო დაკავშირებული შესაბამისად იმ პარტიასთან, რომელსაც ეს ადამიანები თვითონ წარმოადგენენ. რაც შეეხება გაგა კახიანს, მასთან დაკავშირებით სრული აბსურდი მოვისმინეთ. ეს არის რა თქმა უნდა სპეკულაცია. მთავარი არის რა, რომ ამ შემთხვევაში შალვა შავგულიძემ გადაკვეთა მორალური ზღვარი, როდესაც საკუთარი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა „ნაცმოძრაობას“, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მხილებული უამრავ დანაშაულში და მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, იყო გირგვლიანის მკვლელობა და შემდეგ ამ დანაშაულის შეფუთვა ყველა რესურსით.
ამ საქმის ადვოკატი როცა ხარ და ამის შემდეგ შენს პოლიტიკურ მომავალს უკავშირებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და როდესაც გიჭირს, პოლიტიკური პატიმარი არ უწოდო ვანო მერაბიშვილს, ერთ-ერთ მთავარ დამნაშავეს ამ საქმეში, ბაჩო ახალაიას და სხვებს, ასეთ დროს, ბუნებრივია, შენ გადაკვეთილი გაქვს ყველანაირი მორალური ზღვარი და ზუსტად ეს მორალური არჩევანი უნდა გააკეთოს მთაწმინდის ამომრჩეველმა. უნდა გასცეს პასუხი, თუ რამდენად მისაღები ან მიუღებელია მისთვის ასეთი გადაკვეთა მორალური ზღვრის. ყველაფერი არის დღესავით ნათელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ რომელი პარტია დგას შენს უკან.
„იმ დროს, როდესაც ბატონი ლადო კახაძე მონაწილეობდა არჩევნებში, გახსოვთ, როგორ წარიმართა პოლიტიკური პროცესი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც უმაგრებდა მას ზურგს იმ არჩევნებში, არ იყო გამორჩეული მაღალი რეიტინგით. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, თუმცა, რაც შეეხება ჩვენს არჩევანს, ყველა იცნობს ბატონ ლადო კახაძეს, ყველამ იცის მისი პიროვნული თვისებები, ყველამ იცის მისი დამოკიდებულება თბილისისადმი, ქვეყნისადმი და ეს იყო ჩვენი არჩევანის საფუძველი. ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს მარალი ავტორიტეტი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იცნობს, თუ გნებავთ, არ იცნობს ბატონ ლადო კახაძეს, არის დადებითად განწყობილი მის მიმართ, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ის არის კეთილშობილი ადამიანი, წესიერი ადამიანი, მშრომელი ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფრის ფასი და შესაბამისად, შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანოს პარლამენტის მუშაობაში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება სიძულვილით და აგრესიით არის გაჯერებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლადო კახაძე შემოიტანს ამ ცხოვრებაში სრულიად საპირისპირო ღირებულებებს. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წვლილი, რომლის შემოტანაც შეუძლია საპარლამენტო ცხოვრებაში ლადო კახაძეს“, – განაცხადა „მაესტროს“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.