ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

01:22, 25.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ სერბეთის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენციაზე და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომლის გაფორმებაზე მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

მსგავსი