ირაკლი კობახიძე - სენატორმა შაჰინმა საუკეთესოდ შეგვახსენა ის, რაც კარგად ვიცოდით, რომ არა დასავლელი პარტნიორების ზეწოლა, სააკაშვილი მშვიდობიანად არ დათმობდა ძალაუფლებას
ირაკლი კობახიძე - სენატორმა შაჰინმა საუკეთესოდ შეგვახსენა ის, რაც კარგად ვიცოდით, რომ არა დასავლელი პარტნიორების ზეწოლა, სააკაშვილი მშვიდობიანად არ დათმობდა ძალაუფლებას

რეალურად სენატორმა შაჰინმა საუკეთესოდ შეგვახსენა ის, რაც ძალიან კარგად ვიცოდით ჩვენ – რომ არა დასავლელი პარტნიორების ზეწოლა, სააკაშვილი მშვიდობიანად არ დათმობდა თავის ძალაუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ამის ნიშნები უკვე მაშინ ჩანდა, როდესაც იმის პარალელურად, როცა სენატორები საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ესაუბრებოდნენ, ის უზრუნველყოფდა სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას და მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ შტურმი საარჩევნო ადმინისტრაციაზე. ეს იყო მაშინდელი პროცესები და სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლის საფუძველზე შეაჩერა საკუთარი ძალისმიერი ქმედებები მიხეილ სააკაშვილმა. ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუმცა კარგია, რომ ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა სენატორმა შაჰინმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე საუბრისას მაგალითად 2012 წელს საქართველოს არჩევნები მოიყვანა. მისი თქმით, 2012 წელს საქართველოში იყო წუხილი იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშილი უარს იტყოდა ძალაუფლების დათმობაზე. სენატორის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს ის და სენატორი რიში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. „ჩვენ დავსხედით და მივუთითეთ, რომ დემოკრატიის ფუნდამენტი, რომლისთვისაც მან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი იშრომა რვა წლის განმავლობაში, ძალაუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით გადაცემა იყო“, – აღნიშნა სენატორმა შაჰინმა.

დატოვე კომენტარი