ირაკლი კობახიძე - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის შენიშვნები იყო ირაციონალური და ღიმილისმომგვრელი
ირაკლი კობახიძე - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის შენიშვნები იყო ირაციონალური და ღიმილისმომგვრელი

ნებისმიერი კანონის გაკრიტიკება შეიძლება და აქაც შეიძლებოდა რაღაც რაციონალური, კრიტიკული შენიშვნების შემოტანა, თუმცა ვერც ერთი ასეთი რაციონალური არგუმენტი, სამწუხაროდ, ვერ მოიფიქრა ოპოზიციამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიერ მოყვანილი ყველა არგუმენტი იყო ირაციონალური და ღიმილისმომგვრელი.

„მინიშნება იმის თაობაზე, რომ ამ კანონის საფუძველზე ხელისუფლება აპირებს ავტოკრატიის ჩამოყალიბებას, ამაზე მხოლოდ გაღიმება შეიძლება. ეს კანონი მოქმედებს მხოლოდ ეპიდემიის პირობებში, აქედან გამომდინარე, არავითარი რისკი, რომ უვადოდ იმოქმედოს ასეთმა შეზღუდვებმა, არ არსებობს. პანდემია დასრულდება და ამის შემდგომ აქტუალობას დაკარგავს ის ნომრები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. მე ასევე მინდა საერთაშორისო პრაქტიკას მოვუხმო. არის მთელი რიგი პრეცედენტები საზღვარგარეთის ქვეყნებში, განვითარებულ, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად ერთ-ერთი არის გერმანული კანონი „ინფექციისგან დაცვის შესახებ“, რომელიც კიდევ უფრო შორს მიდის, კანონის დონეზე ადგენს ბევრად უფრო ფართო შეზღუდვებს და აძლევს მთავრობას ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას. ბუნებრივია, ჩვენ გერმანიას უნდა გავეჯიბროთ სტანდარტებით და გერმანია არის მაგალითი, რომ შესაძლებელია მთავრობას მიენიჭოს ამ შემთხვევაში გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგისა ეპიდემიოლოგიური მოცემულობა ჯერ კიდევ არის საკმაოდ რთული.

„ეს მოცემულობა მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას, როგორიც არის მაგალითად საქალაქთაშორისო მიმოსვლა, შეზღუდვა გარკვეული რაიონებიდან, გარკვეული მუნიციპალიტეტებიდან ან კონკრეტული კომერციული ობიექტების საქმიანობის შეჩერება. არის მთელი რიგი შეზღუდვები შესანარჩუნებელი. ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო. შესაბამისად, სპეკულაციები აქ არის აბსოლუტურად უადგილო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი