ირაკლი კობახიძე - საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პოლარიზაცია, რომლის მთავარი შემოქმედი არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პროპაგანდისტული მანქანებით
ირაკლი კობახიძე - საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პოლარიზაცია, რომლის მთავარი შემოქმედი არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პროპაგანდისტული მანქანებით

სინამდვილე არის ის, რომ საქართველოში არის მედიის სრული თავისუფლება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„სინამდვილე არის ის, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ათეულობით ტელევიზია. ერთ დღეში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ახალი ტელევიზიის დარეგისტრირება, სიხშირის მიღება და ა.შ. არის მედიის სრული თავისუფლება. მათ შორის, „ნაცმოძრაობას“, ხალხისგან მოპარული ფულით, შექმნილი აქვს სამი ტელევიზია. ეს არის „მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. ნუ, „ფორმულას“ რეიტინგი არ აქვს, არ ითვლება და აქვთ მეტ-ნაკლებად რეიტინგის მქონე ორი ტელევიზია – „მთავარი“ და „ტვ პირველი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პოლარიზაცია, ამ პოლარიზაციის მთავარი შემოქმედი კი არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პროპაგანდისტული მანქანებით.

„ეს არის დღევანდელი რეალობა. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ფუნქციონირების უფლება, სამართლებრივად, ყველანაირად ფუნქციონირებენ, არანაირი პრობლემა არ არის და ვერც ვერაფერს გვაკლებენ. ამხელა პროპაგანდისტული მანქანა აქვთ და ხედავთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ცხრა არჩევნები მოვუგეთ ერთი მარტივი მიზეზის გამო – იქით არის რაღაც აღქმები, რომელსაც ეს ტელევიზიები ქმნიან და აქეთ არის ფაქტები და სიმართლე. აი, ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც 2012 წლიდან მოყოლებული ცხრა არჩევნების მოგება მოვახერხეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაძლოა, ვიღაც ცდილობს, ეს ტელევიზიები სხვანაირად დაბრენდოს, როცა მათ თავისუფალ მედიას უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში, არც ერთ ამ ტელევიზიას თავისუფლების არაფერი სცხია.

„სამივე არის ჩვეულებრივი პარტიული ტელევიზია და ისინი უბინძურესი პროპაგანდისტული მეთოდებით მოქმედებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას დაჭერა არანაირად არ ნიშნავს არც მედიის თავისუფლების შეზღუდვას და არც პარტიული თავისუფლების შეზღუდვას, როგორც ამას მავანი აცხადებს.

„ნიშნავს თუ არა გვარამიას დაჭერა მედიის თავისუფლების შეზღუდვას, ან ნიშნავს თუ არა გვარამიას დაჭერა პარტიების თავისუფლების შეზღუდვას?! – რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში, „ნაცმოძრაობაში“ პირველი პირი არის სააკაშვილი და მეორე პირი არის გვარამია. სინამდვილეში ასეა, ანუ, ის ნომერ მეორე პოლიტიკური ლიდერია ამ პოლიტიკურ პარტიაში. რა თქმა უნდა, გვარამიას დაჭერა არც მედიის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს და არც პარტიების თავისუფლების შეზღუდვას. თუ ვიღაც არის კრიმინალი და დამნაშავე, მას სასჯელი უნდა შეეფარდოს. რა შუაშია აქ მედიის თავისუფლება?! მედიის თავისუფლება იმ შემთხვევაში იქნებოდა შეზღუდული, თუ მას არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ როდესაც ყველა ფაქტით დასტურდება ის, რომ ამ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, რა მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე და რომელი პარტიების თავისუფლების შეზღუდვაზეა საუბარი?! ვერც ერთი სტატუსი ვერ იქნება ინდულგენცია ვერც ერთი ადამიანისთვის, მარტივად არის აქ საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.