ირაკლი კობახიძე - საზოგადოება კარგად ხედავს, რა მიზნები ამოძრავებთ პროვოკატორ ხოშტარიას, ვაშაძეს და სხვებს, რომლებიც თვითონ იღებენ ფულს რუსი მდგმურებისგან, იღებენ რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან
ირაკლი კობახიძე - საზოგადოება კარგად ხედავს, რა მიზნები ამოძრავებთ პროვოკატორ ხოშტარიას, ვაშაძეს და სხვებს, რომლებიც თვითონ იღებენ ფულს რუსი მდგმურებისგან, იღებენ რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან

თითოეული პროვოკაცია, მათ შორის გუშინდელი, ემსახურებოდა არეულობის შემოტანას და მეორე ფრონტს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, აქციები კრახით დასრულდა, რადგან ქსენოფობია შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან, ამავდროულად, საზოგადოება კარგად ხედავს, რა მიზნები ამოძრავებთ ხოშტარიას, ვაშაძეს და სხვებს.

„მიზანი ძალიან მარტივია, ისინი მთელი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, დღემდე ცდილობენ ესკალაციას, ქვეყანაში არეულობის შემოტანას და ურთიერთობების მაქსიმალურად დაძაბვას. საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მინდა, შეგახსენოთ, მათი მეგობრები იმავე უკრაინიდან, სხვა მხრიდან პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ საქართველოში გაგვეხსნა მეორე ფრონტი. თითოეული ეს პროვოკაცია, მათ შორის გუშინდელი, ემსახურებოდა იმავეს, არეულობის შემოტანას და მეორე ფრონტს. კრახით დასრულდა როგორც გუშინდელი, ასევე გუშინწინდელი აქცია და ამ კრახს ერთმანეთს აბრალებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. სინამდვილეში, ამ კრახს აქვს ერთადერთი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ქსენოფობია შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან და მეორე, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა მიზნები ამოძრავებს ამ პროვოკატორებს, როგორებიც არიან ხოშტარია, ვაშაძე და სხვები, რომლებიც თვითონ იღებენ ფულს რუსი მდგმურებისგან, იღებენ რუსულ რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან. საზოგადოება ძალიან კარგად შეიცნობს, ისინი რომ პროვოკატორები არიან და ერთადერთი ეს მიზანი ამოძრავებთ.

მინდა, შეგახსენოთ, 2016 წელს საქართველოში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა და მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და „ნაცები“ და სამი დეპუტატი, დუმის ოდიოზური დეპუტატი, რომლებსაც ჰქონდათ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, საქართველოში შემოუშვეს.

ჩვენ ასეთ რამეს არ ვუშვებთ. არცერთ შემთხვევაში არ იქნება დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, შესაბამისი პირები ვერ შემოვლენ საქართველოში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის. ამაში, მათ შორის, იგულისხმება პერსონალური სანქციები. შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც არ უქმნის ქვეყანას საფრთხეს უსაფრთხოების თვალსაზრისით და რომელსაც არ აქვს დარღვეული ოკუპაციის კანონი, შემოვა საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.