ირაკლი კობახიძე - სავიზო რეჟიმის მოთხოვნა „ნაცმოძრაობის“ მიერ აგორებული კამპანიაა, ამის ერთადერთი მიზანია, საქართველო რამენაირად გახდეს მეორე ფრონტი, რასაც არ დავუშვებთ
სტატისტიკას სჭირდება ჩაღრმავება და შეიძლება, ყველამ შეაფასოს რეალურად, რომელი ადამიანების, რომელი კომპანიების მიერ ხდება ეკონომიკური აქტივობის წარმოება და ამის საფუძველზე ყველა შეიქმნის ნათელ წარმოდგენას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეკითხვა ეხებოდა რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბიზნესების რეგისტრაციის საკითხს.
როგორც კობახიძე ამბობს, ეს საჯარო ინფორმაციაა და სტატისტიკა საზოგადოებითვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
„რაც შეეხება ბიზნესების რეგისტრაციას, ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, შეიძლება ადამიანი ჩაუღრმავდეს. სტატისტიკას სჭირდება ჩაღრმავება და შესაძლოა, ყველამ შეაფასოს რეალურად, რომელი ადამიანების, რომელი კომპანიების მიერ ხდება ეკონომიკური აქტივობის წარმოება და ამის საფუძველზე ყველა შეიქმნის ნათელ წარმოდგენას. ძალიან ზოგადი სტატისტიკაა მოყვანილი, ესეც გადასამოწმებელია და შემდეგ ღრმად არის ამაში ჩახედვა საჭირო. ეს არის საჯარო ინფორმაცია, საზოგადოებითვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კუთხით არავითარი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ მოთხოვნას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგორებული კამპანიაა და სერიოზულად ვერ შეხედავენ.
„ამ ვითარებაში სავიზო რეჟიმის მოთხოვნა პირდაპირ არის ქსენოფობიური კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ვერანაირად ვერ მოახერხეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ამ გზებით ცდილობენ ამის გაკეთებას. ეს არის ომის პარტიის – „ნაცმოძრაობის“ მიერ აგორებული კამპანია, ამ ქსენოფობიურ-შოვინისტური კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ასეთ დროს ამ კამპანიის აწევა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველო რამენაირად გახდეს მეორე ფრონტი, რასაც არ დავუშვებთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ შევხედავთ იმ პეტიციებს თუ კამპანიის სხვა ელემენტებს, რომელიც არის შემოთავაზებული“, – განაცხადა კობახიძემ.