ირაკლი კობახიძე - საუბარია კანონიერი მოსმენების რეგლამენტაციაზე და საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, გამორიცხულია, უკანონო მოსმენებისთვის მოხდეს კანონიერი მოსმენის ინსტრუმენტების გამოყენება
ირაკლი კობახიძე - საუბარია კანონიერი მოსმენების რეგლამენტაციაზე და საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, გამორიცხულია, უკანონო მოსმენებისთვის მოხდეს კანონიერი მოსმენის ინსტრუმენტების გამოყენება

თავის დროზე, სადაც გვქონდა უარყოფითი გამოცდილება, ეს სფერო დაკავშირებული იყო უკანონო მოსმენებთან, ამ შემთხვევაში კი, საუბარია კანონიერი მოსმენების რეგლამენტაციაზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ეს აბსოლუტურად განსხვავებული საკითხებია. თუ უკანონო მოსმენა არის პრობლემა, ამას საერთოდ არავითარი კანონი არ სჭირდება და ამისგან არც გიცავს რამე კანონი არსებითად. ამ შემთხვევაში, საუბარია კანონიერი მოსმენების რეგლამენტაციაზე და არსებითად, საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ანუ, ის, რომ უკანონო მოსმენებისთვის მოხდეს ამ კანონიერი მოსმენის ინსტრუმენტების გამოყენება, გამორიცხულია. აქ საქმე ეხება სწორედ კანონიერი მოსმენების მოწესრიგებას ნორმატიულ ჭრილში და ეს იყო ამის არსი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპაში და აშშ-ში არის სტანდარტები, რომელიც იმის დადგენის საშუალებას იძლევა, თუ რა არის ჩარევის დასაშვები ფარგლები და ვიდრე საქართველოში ამ კანონის მიღება მოხდებოდა, მოხდა საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა. 

„ვნახეთ, რომ ჩვენი სტანდარტი, კანონის მიღების შემდეგაც კი, არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ევროპის უამრავ ქვეყანაში და აშშ-ში. ზუსტად ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვენეციის კომისიამ ვერავითარი სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაწერა. რეალურად, დადგინდა, ამით გაირკვა, რომ არის ბალანსი დაცული ადამიანის უფლებასა და სამართალდამცავი ორგანოების ინტერესებს შორის. ვიმეორებ, აქ საქმე ეხება კრიმინალებს, მძიმე კატეგორიის დამნაშავეებს და მათ კანონიერ მოსმენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მოსმენებისას ყველა ეტაპზე ჩართულია სასამართლო კონტროლი, სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილება ვერ მიიღება და საბოლოო ჯამში, როცა ფარული მიყურადების ვადა იწურება, ინფორმაცია თავად ობიექტს მიეწოდება, ვინც გარკვეული დანაშაულის მომზადება-ჩადენაში იყო ეჭვმიტანილი და ამის შემდეგ მას შეუძლია, ეს აქტი სასამართლოში გაასაჩივროს.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ კანონში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და კანონმდებლობის სტანდარტები აბსოლუტურად დაცულია.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით შენიშვნით ვერ გამოდის ვერც ოპოზიცია, ვერც არასამთავრობო სექტორი და ვერც პარტნიორები.

„დოკუმენტები დაიდო, ხომ? ვენეციის კომისიამაც და პრეზიდენტმაც დოკუმენტი წარმოადგინა და ტექსტში არ ეწერა არაფერი. ზეპირად შეიძლება, ვიღაცამ გითხრას, მოგეცი შენიშვნა და არ გახსოვსო, ტექსტში არ წერია არც ერთი შენიშვნა და როცა ტექსტში არ წერია არავითარი შენიშვნა, ბუნებრივია, შენ უნდა გაჰყვე პრინციპებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.